Saturday, December 17, 2011

სიკვდილი აკაკუნებს



მიყვარს ეს კაცი და რა ვქნა! რაღაცნაირი დაბნეული კომიკურობითა და მარტივი გენიალობით. 
ამის მაგალითი კი ეს სცენარია, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს რაღაც ძალიან არაამქვეყნიურად სახალისო დიალოგების გამო. ვუდი (ალენ )შენ დაუკარ! (ანუ გადაიღე (სალათი არა, ფილმი))
*** 
მოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ \\\\\\\"დეილი ნიუსის\\\\\\\" ხვალინდელი ახალი ამბების ქრონიკის კითხვას ამთავრებს. აბანოს ხალათი აცვია, ფეხზე კი - ქოშები და საწოლის თეთრ თავფიცარზე მიმაგრებული ლამფის შუქზე გაზეთს ჩაჰყურებს. შუაღამე ახლოვდება. მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის, ნეტი წამოჯდება და ფანჯრისკენ იხედება. 

ნეტი: ეს რა ჯანდაბა იყო?

(ფანჯრიდან ტლანქად მოცოცავს პირქუში, ლაბადაში გახვეული სხეული. დაუპატიჟებელ სტუმარს შავი კაპიუშონი წამოუცვამს, ტანზეც შავი სამოსი შემოტმასნია. კაპიუშონი თავს უფარავს, მაგრამ შუა ხნისა და მიტკლისფრად გადაფითრებულ სახეს კი არა. რაღაცით ნეტს ჩამოჰგავს. უცნობი ხმამაღლა ბურტყუნებს და იმუქრება, მერე ფანჯრის რაფაზე გადაკოტრიალდება და იატაკზე ეცემა).

სიკვდილი (დიახ, სწორედ რომ იგი): უფალო იესო! ლამის კისერი არ მოვიმტვრიე!

ნეტი (შეცბუნებული შეჰყურებს): ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი ვარ.

ნეტი: ვინ?

სიკვდილი: სიკვდილი. მომისმინე, შეიძლება დავჯდე? კინაღამ კისერი მომტყდა. ფოთოლივით ვცახცახებ.

ნეტი: ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი. ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებ?

ნეტი: სიკვდილი? მაგით რისი თქმა გსურთ?

სიკვდილი: რა გემართება? შავ კოსტიუმსა და გაფითრებულ სახეს ხომ ხედავ?

ნეტი: ჰოო.

სიკვდილი: როგორ ფიქრობ, დღეს ჰელოუინს ვზეიმობთ?

ნეტი: არა.

სიკვდილი: მაშ, სიკვდილი ვყოფილვარ. აბა, ახლა მაინც თუ დამალევინებ წყალს? გინდაც \\\\\\\"ფრესკა\\\\\\\" იყოს.

ნეტი: ვითომ ხუმრობაა...

სიკვდილი: რა ხუმრობა? ორმოცდაჩვიდმეტის არა ხარ? ნეტ ეკერმანი, პესიფიკის ქუჩა ერთი, წილადი თვრამეტი, არა? თუ არაფერი მეშლება... მოიცა, ერთი გამოძახების ფურცელი გადავამოწმო (ჯიბეში იქექება, მერე კი წარმოადგენს ბარათს, რომელსაც მისამართი აწერია. ბარათი დამაჯერებლობას მატებს მის სიტყვებს).

ნეტი: რა გნებავთ ჩემგან?

სიკვდილი: რა მნებავს? როგორ გგონია, მაინც რა უნდა მნებავდეს?

ნეტი: ეტყობა მეხუმრებით. ჯანმრთელობას მე არ ვუჩივი.

სიკვდილი (აუღელვებლად): ოჰო! (აქეთ-იქით მიმოიხედავს). საამური ადგილია, ღმერთმანი. სულ შენი ნახელავია?

ნეტი: დეკორატორი დავიქირავეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია ხელი.

სიკვდილი (შეჰყურებს სურათს კედელზე): მიყვარს ასეთი დიდთვალება ბავშვები.

ნეტი: ჯერ არ მინდა წასვლა.

სიკვდილი: წასვლა არ გინდა? შენი ჭირიმე, არ დამიწყო ახლა ეგეთები. ამდენი ცოცვისაგან ისედაც ლამისაა გული ამერიოს.

ნეტი: რომელ ცოცვაზე მელაპარკებით?

სიკვდილი: საწვიმარ მილს ამოვყევი. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გამოცხადება დრამატული ყოფილიყო. შევყურებ ფართო ფანჯრებს, შენ გღვიძავს და კითხულობ. ეგრევე ვიფიქრე, ღირს-მეთქი. ავძვრები, შევალ, ცოტას... ხო აზრზე ხარ... (თითებს გაატკაცუნებს). ამასობაში ვაზის წნელში ქუსლი მეხლართება, მილი ტყდება, მე კი რაღაც ძაფზეღა ვკიდივარ. მერე ეს ჩემი ლაბადაც ფხრეწას იწყებს. მოდი რა, უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ. ძალიან მძიმე ღამე მქონდა.

ნეტი: ჩემი საწვიმარი მილი გატეხეთ?

to be continued (definitely ოღონდ)    
fიბი


No comments:

Post a Comment